‍მღვდელი მიხეილ ყულოშვილი (1845-1917)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0096 kuloმიხეილ ყულოშვილი 1845 წელს საინგილოში, ყოფილ ელისუს სასულთნოს სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი, კახის რაიონი, სოფელი კახი) რაფიელ (ასლან) და საბედო ყულოშვილების ოჯახში დაიბადა.

მიხეილის პაპა აბელი იყო მონათუხუცესი ყუღლარ აღა ვახვახიშვილისა, რომელიც უკვე ალისულთნად იყო წოდებული, ბებია დარეჯანი კი ,,ხუციანთ წმინდა კერის“ ქალიშვილი იყო. არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ დარეჯანი წმინდა გიორგის სახელობის ქურმუხის საყდრისაკენ ცხენით მიდიოდა და თან უფროსი ვაჟი, 13-14 წლის დავითი ახლდა. ერთ-ერთმა თათარმა ისინი დაინახა და ვახვახიშვილთან დააბეზღა. ვახვახიშვილს ისეთი მოწიწება ჰქონია ამ გვარის მიმართ, რომ თათარს თვალი გამოსთხარა და უთხრა: ,,განა მე არ ვიცი, რომ დარეჯანი წმინდა ,,ხუციანთ ოთხთავის“ კერიდანაა და ეკლესიაში ლოცულობსო!“

ოჯახურმა ტრადიციებმა დიდი გავლენა იქონია მიხეილ ყულოშვილის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. იგი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე 1854 წლის 17 აგვისტოს მოინათლა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მღვდელ სვიმონ ბეგიაშვილთან ისწავლა. გარდა ქართულისა, მას საუცხოოდ სცოდნია რუსული, თათრული, სომხური და უდინური ენები. ზეპირად უსწავლია ,,ვეფხისტყაოსანი“. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ 1858 წელს მისი თაოსნობით საინგილოში პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა გაიხსნა, სადაც ინგილო ბავშვებს მიხეილი უსასყიდლოდ ასწავლიდა ქართულ ენას. ამ კეთილშობილურ საქმეში მიხეილ ყულოშვილს დიდად უწყობდნენ ხელს ივანე-პაპა ბულუღაშვილი და მღვდელი პეტრე კონჭოშვილი. ივანე-პაპა ბულუღაშვილმა კარდაკარ შემოიარა კახი და თითო კერას თითო ვაჟის გაგზავნა დაავალა სკოლაში. 1866 წელს ყველა აუცილებელი საფეხურის გავლის შემდეგ (მედავითნედან დიაკვნამდე) მიხეილი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხეს. 1870 წლიდან მღვდლად დასხმული იგი ჯერ ვართაშენის, შემდეგ კი კვლავ კახის ეკლესიის მეორე მღვდლად ინიშნება. 1881 წელს საინგილოს ოლქის მთავარხუცესის დავით უტიაშვილის ლოცვა-კურთხევით იგზავნება ახლად მონათლული ინგილოების სულიერ მოძღვრად.1888 წელს საქართველოს ეგზარხოსის პალადის ლოცვა-კურთხევით საინგილოს ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს, ხოლო 1890 წელს საინგილოს ოლქის მისიონერის, მღვდელ-მონაზონ ლეონიდეს (ოქროპირიძე) თხოვნით კახის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა. ამ სკოლაში მოღვაწეობას ის მოგვიანებით, კერძოდ კი 1911 წელს კვლავ განაახლებს.

1888-1904 წლებში მღვდელი მიხეილ ყულოშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში (იგი ეკლესიის მშენებლობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო), რომელიც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ამის შესახებ იუწყებოდა კიდეც 1890 წლის #175-ის გაზეთი ,,ივერია“.

1891 წელს მიხეილ ყულოშვილი ,,კავკასიაში მართმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების“ ინიციატივით სოფელ თასმალოში (კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით) დაწყებული ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მუსლიმებით გარშემორტყმული ამ ძველი ქართული სოფლის მოსახლეობა დიდ შევიწროებას განიცდიდა, ამიტომაც მამა მიხეილსაც მოღვაწეობა მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. მიუხედავად ამისა, მან შედარებით მოკლე დროში 22 ოჯახის მოქცევა შეძლო. ამგვარი წარმატების მიზეზი მიხეილ ყულოშვილის პიროვნული თვისებებიც იყო. შრომისმოყვარე და თავმდაბალი ადამიანი, იგი მუდამ მზად იყო გაჭირვებულთა დასახმარებლად. უბრალო ხალხს უნერგავდა ცოდნის სიყვარულს, ცდილობდა ზნეობრივი მაგალითი ყოფილიყო იმათთვის, ვისაც საღვთო სიყვარულს უქადაგებდა. მის საქმიანობას ფუჭად არ ჩაუვლია. მიხეილ ყულოშვილის შემწეობით საინგილოს ახალი პატრიოტები გამოუჩნდნენ. ერთ-ერთი მათ შორის იყო ინგილო ისტორიკოსი, მოსკოვის არქეოლოგიური აკადემიიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი მოსე ჯანაშვილი. სწორედ მოსე ჯანაშვილი წერდა მიხეილ მღვდლის შესახებ: ,,ჭეშმარიტ მღვდელს უყვარს თავისი ერი და ერსაც უყვარს თავისი კეთილი მწყემსი“. მოსე ჯანაშვილივე გვაწვდის ცნობას ჯერ კიდევ არჩილ მეფის ბრძანებით 718 წელს აგებული, შემდგომ კი მიხეილ ყულოშვილის მიერ განახლებული კასრის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, 1947 წლის მიწისძვრამ დაანგრია.

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საიგილოში ანტიქართული ზალები გააქტიურდნენ. საქართველოს წარმომადგენლებმა შიშიანობის გამო ზაქათალის ოლქი მიატოვეს. საქართველოსტან ყოველგვარი მიმოსვლა და კავშირი შეწყდა. ჩაიკეტა გზები. თურქი ასკერების მხარდაჭერით, აზერბაიჯანელმა მუსავათელმა პანთურქებმა მთელი ტერიტორია დაიპყრეს. ოლქის სოფლებში პროთურქული რაზმები დადიოდნენ და თურქულ სიმღერებს გაჰყვიროდნენ. ხალხს თავიანთ რაზმებში ჩაწერისკენ მოუწოდებდნენ. დაარბიეს და ამოწყვიტეს სომხური სოფლები. ჯერი ინგილოებზეც მიდგა. ხალხი შიშმა მოიცვა, ბევრმა ტყე - ღრეს შეაფარა თავი. მუსავატელებმა ძარცვა-გლეჯასა და მკვლელობებს მიჰყვეს ხელი. მამა მიხეილთან, რომელიც კახის, ალიბეგლოს, ყორაღანის, მარსანის, თასმალოს, ალათემურის და სხვა სოფლების მოსახლეობას შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ბევრნი რჩევის საკითხავდ მიდიოდნენ. თუმცა იმათ, ვინც სარწმუნოების შეცვლაზე ჩამოუგდებდა სიტყვას, იგი ცივი უარით ისტუმრებდა. მეტიც, მუსავატელთა მუქარის მიუხედავად, მამა მიხეილი უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა. იგი სახარებისეულ გამოთქმას იშველიებდა: კეთილი ბოროტზე მუდამ იმარჯვებსო.

1917 წლის 1 ნოემბერს მამა მიხეილი წირვის დასრულების შემდეგ თავისი სამრევლოდან ცხენით შინ ბრუნდებოდა. მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. სოფლის ხიდთან ერთი დაღონებული კაცი შემოხვდა და ავადმყოფთან წამოსვლა სთხოვა. მამა მიხეილი, როგორც ბუნებით კეთილშობილი ადამიანი, დაუფიქრებლად მიენდო უცნობს. საუბედუროდ, ეს ვერაგულად გაბმული ხაფანგი აღმოჩნდა. სინამდვილეში იმ სახლის იატაკი, სადაც მღვდელი შეიყვანეს, წინასწარ იყო აყრილი და დიდი ფარდაგით დაფარული. შესვლისთანავე მამა მიხეილი ფარდაგიანად სარდაფში ჩავარდა, სადაც მას მოსყიდული მკვლელები ელოდებოდნენ. თავდაპირველად ისინი ,,ტკბილად“ ალაპარაკდნენ. თავიანთი მსხვერპლისგან სარწმუნოების შეცვლას და გაქრისტიანებულ ინგილოთა გამუსულმანებას ითხოვდნენ. თუმცა წააწყდნენ რა სასტიკ წინააღმდეგობას, თავდადებულ ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფეს. შებინდდა თუ არა, მღვდლის გვამი სუდარაში გაახვიეს, ურემზე დადეს და უღრან ტყეში წაიღეს. ამასობაში უპატრონოდ დარჩენილი ცხენი წიხვინით გმოიქცა მამა მიხეილის სახლიოსკენ, სადაც მას გარდაცვლილი ვაჟის ქვრივი, საინგილოს ქალთა შორის ქართული კულტურის გამავრცელებელი, ცნობილი მასწავლებელი, სოფიო ყულოშვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი, ნინო, ელოდათ. ხალხი, ცხადია, ყველაფერს მიხვდა. მათ მალე მიაგნეს კიდეც მამა მიხეილის გვამს. დასაფლავებას ინგილო ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანებიც ესწრებოდნენ. ალათემურის თავიდან კახამდე გზები მრევლის ყოფილა სავსე და როგორც პროფესორი მოსე ჯანაშვილი იგონებს, ყველა აღშფოთებული იყო სულიერი მამის მკვლელობის გამო.

მიხეილ ყულოშვილი დიდი პატივით დაკრძალეს კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში საინგილოს ეროვნული გმირის ივანე-პაპა ბულუღაშვილის გვერდით. 2012 წელს საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ მიხეილ ყულოშვილი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 5 ივლისი დაადგინა.

 


ლიტერატურა:

საპატრიარქოს უწყებანი, 2012, #27, სარწმუნოებისთვის თავდადებული მღვდელი მიხეილ ყულოშვილი, გვ.17-20

ჟ. ჯვარი ვაზისა, ზ. თორია, საინგილოში, 2003, #1